პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება


პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს აუთენტური, რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე დაფუძნებულ სწავლებას. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რა არის თავისთავად პრობლემა და რა ტიპის პრობლემებია ცნობილი.

პრობლემების კლასიფიკაცია შესაძლებელია ორ სხვადასხვა ტიპად - ცუდად განსაზღვრული და კარგად განსაზღვრული პრობლემები.  ცუდად განსაზღვრულია ის პრობლემები, რომელთა შემთხვევაშიც პრობლემის არსი, მისი გადაჭრის  შედეგად მისაღები შედეგი, ან გადაწყვეტის სავარაუდო გზები არ არის გამოკვეთილი; ან პრობლემის გადაწყვეტა აუცილებლად მოსალოდნელი არ არის. კარგად განსაზღვრულ პრობლემებს გამოკვეთილი აქვთ მისაღწევი მიზანი ან სასურველი შედეგი, რომელიც უნდა დადგეს. გამოკვეთილია, აგრეთვე, პრობლემის გადაჭრის სავარაუდო  გზებიც, პრობლემის გადაწყვეტა რეალურად მოსალოდნელია.

პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა დამოკიდებულია პრობლემის გააზრების უნარზე - თუ რა არის პრობლემის არსი, რა მიზანს უნდა მივაღწიოთ პრობლემის გადაჭრის შედეგად, რა გზები უნდა გამოვიყენოთ მის გადასაჭრელად. ამ ტიპის სწავლისათვის საჭიროა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გამოყენება.

კრიტიკული აზროვნება გულისხმობს ახსნას, ლოგიკურ დასაბუთებას, შედარება-შეპირისპირებას, კანონზომიერების დადგენას, პარალელების გავლებას, კავშირების მოძებნას. შემოქმედებითი აზროვნება კი გულისხმობს წარმოსახვით აზროვნებას, ვარაუდის/ჰიპოთეზების ფორმულირებას, ახლის გამოგონებას. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ერთიანობა ყოველთვის საჭიროა პრობლემის გადასაწყვეტად, რადგან პრობლემიდან თავის დაღწევა არ შეიძლება იმავე, ძველებურ აზროვნებაზე დაყრდნობით, რამაც შესაძლოა გამოიწვია პრობლემა.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი/პრობლემა, რომელიც სხვადასხვა მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელიც საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას და მათგან ოპტიმალურის შერჩევას.

როდესაც მასწავლებელი გეგმავს პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილს, ერთ-ერთი, რაც მან უნდა გაითვალისწინოს, არის შემდეგი: პრობლემის გადასაჭრ
ელად მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს ნაცნობი სტრატეგია (ის ცოდნა და უნარ-ჩვევები), რომელსაც ის პირდაპირ გამოიყენებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება დაყენებული საკითხი ან სიტუაცია პრობლემურად. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემის შინაარსი არ უნდა ითვალისწი­ნებდეს მოსწავლის მიერ სკოლაში ან რეალურ ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებას, ან ასაკით განპირობებულ კოგნიტურ შესაძლებლობებს. პრობლემაზე ორიენტი­რებული სწავლების იდეა ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ტიპის გაკვეთი­ლისა, უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარ­ტიდან.

პრობლემის გადაჭრის პროცესებს აღწერენ ციკლის ან თანმიმდევრობის საშუალებით, რომლის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ვარიანტს ქვემოთ გთავაზობთ.


სქემის მიხედვით პრობლემურ ამოცანაზე მუშაობის პროცესში მოსწავლე   პრობლემის გადაჭრის შემდეგ ეტაპებს  გაივლის:
                 
1.      პრობლემის დასმა/განსაზღვრა - მოსწავლეების მიერ პრობლემის გააზრება და პრობლემის ფორმულირება. მოსწავლეები ეცნობიან დავალების შინაარსს და მასზე დაყრდნობით განმარტავენ პრობლემის არსს, აკეთებენ პრობლემის ფორმულირებას. ერთ-ორი წინადადებით მან უნდა შეძლონ იმის აღწერა, თუ რის გადაწყვეტას, რაზე პასუხის გაცემას, რის აღმოჩენას თუ მიცემას ითხოვს დავალება. პრობლემის ფორმულირება შეიძლება საჭიროებდეს გადახედვას, თუ წარმოდგენილი სიტუაციის შესახებ  ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
 
2.      პრობლემის ანალიზი - პრობლემის დანაწევრება და ნაწილების  პრიორიტეტებად დალაგება. მოსწავლეები ყოფენ პრობლემას შემადგენელ ნაწილებად - ერთმანეთთან დაკავშირებულ ქვეპრობლემებად. ალაგებენ ამ ნაწილებს პრიორიტეტების მიხედვით: გამოყოფენ ძირითადსა და მეორეხარისხოვანს, პირველ რიგში და მომდევნო ეტაპებზე  გადასაჭრელ ამოცანებად.

3.      საჭირო ინფორმაციის მობილიზება - პრობლემის შესახებ არსებული ინფორმაციისა და რესურსების მოძიება, ორგანიზება. მოსწავლეები მოიძიებენ და შეარჩევენ შესაბამის ინფორმაციას პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. ისინი ჩამოთვლიან ან ჩამოწერენ, რა არის ცნობილი მოცემული პრობლემის გარშემო; ცალკე ჩამოწერენ იმ კითხვების ან საკითხების სიას, რომელზე პასუხებიც მათ ჯერ არ იციან, მაგრამ აუცილებლად სჭირდებათ პრობლემის გადასჭრელად, ანუ კიდევ „რისი ცოდნაა საჭირო?“.  ეს კითხვები მოითხოვს მეტი ინფორმაციის მოძიებას, კვლევას, რომელიც შეიძლება  განხორციელდეს ონლაინ ფორმით, ბიბლიოთეკაში, ან სადმე სხვაგან, კლასგარეშე სიტუაციაში.

4.      ალტერნატიული გზების ძიება - პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების შესახებ მსჯელობა - მოსწავლეები თვისუფლად, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გამოთქვამენ იდეებს, მათ შორის, მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებულ ორიგინალურ, მოულოდნელ და არასტერეოტიპულ იდეებსაც; ჩამოწერენ თუ რა არის საჭირო პრობლემის გადასაჭრელად, მოქმედებებს, საჭირო ღონისძიებებს (მაგალითად, ექსპერტების გამოკითხვა, ონლაინ მონაცემების მოპოვება, ლაბორატორიაში ვიზიტი და სხვ.), გამოთქვამენ ჰიპოთეზებს.

5.      გადაჭრის ოპტიმალური გზის შერჩევა - პრობლემის გადაჭრის განხილული გზებიდან ერთ-ერთის  შერჩევა გამოსაცდელად. მოსწავლეები აფასებენ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებს სხვადასხვა პერსპექტივიდან. ისინი განსაზღვრავენ პრობლემის გადაჭრის თითოეულ სტრატეგიასთან დაკავშირებულ რისკებს, შეარჩევენ უფრო რეალურ და მისაღებ სტრატეგიას/გზას, ასაბუთებენ თავიანთ არჩევანს.

6.      პრობლემის გადაჭრის დემონსტრირება - შერჩეული გზის გამოყენებით პრობლემის გადაჭრის ჩვენება ან პრობლემის გადაჭრის შესახებ გამოტანილი დასკვნის წარმოდგენა. მოსწავლეები გამოცდიან პრობლემის გადაჭრის შერჩეულ სტრატეგიას/გზას (საჭიროების შემთხვევაში დაუბრუნდებიან შესაბამის ეტაპს და იქიდან ხელახლა იწყებენ პრობლემის გადაჭრის ციკლის გავლას), მოამზადებენ  ანგარიშს და მოახდენენ პრობლემის გადაჭრის დემონსტრირებას, ან წარმოადგენენ დასკვნას პრობლემის გადაჭრის შესახებ.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ტიპის გაკვეთილების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლება:

·         განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში, მუშაობს რეალური, ხშირად ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მისთვის ხდება უფრო საინტერესო და სახალისო; ზრდის მის პასუხისმგებლობას სწავლისადმი.

·         მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას.  პრობლემის გადაჭრაზე ფიქრის დროს მოსწავლე კრიტიკულად აფასებს, თუ რა იცის, რა უნარ-ჩვევები აქვს და რა სჭირდება პრობლემის გადასაჭრელად, ამყარებს მიმართებას  რამდენიმე ცნებას შორის, გამოაქვს დასკვნები და ა.შ.

·         ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის დროს მოსწავლეს შეიძლება მოუხდეს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა შესაძლებლობის (გზის) მოფიქრება, პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნა, ან ახალი (ორიგინალური) გზის ძიება და ა.შ. 

·         პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეებში პირობისეული, ანუ ფუნქციური ცოდნის შეძენაზე.



გამოყენებული ლიტერატურა-
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის  ფინანსური მხარდაჭერით. 

Комментариев нет:

Отправить комментарий